დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები/ბლოგი

აღმოაჩინე ძველი თბილისის სადარბაზოები

  430

თუ ფეხით სეირნობა სიამოვნებას განიჭებს და გიყვარს ვინტაჟური და ძველი ისტორიული ადგილები, მაშინ აუცილებლად გირჩევ მოინახულო ძველი თბილისის სადარბაზოები.

ამ ბლოგში მოგიყვები საინტერესო ადგილების შესახებ, რომლებსაც თბილისის ძველ ქუჩებში აღმოაჩენ.

საქართელოს მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის ისტორიას ყველაზე ახლოს შეიცნობთ ძველ თბილისში. პრაქტიკულად ამ გზებზე სიარულისას ისეთი განცდა გეუფლებათ თითქოს შენობები თავად გეუბნებიან თავიანთ სათქმელს, ქუჩები და სახლები  კი გიყვებიან რომ ამ ადგილებში გამორჩული მოღვაწეები ცხოვრობდნენ და საქართელოს კულტურას ქმნიდნენ.

თბილისში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სადარბაზო გ.ტაბიძის #18-ში მდებარეობს. გარდა სილამაზისა, ამ შენობას მისი ისტორიაც გამოარჩევს. მეოცე საუკუნეში აქ ძმები სეილანოვები, სომეხი ფინანსისტები ცხოვრობდნენ, რომლებსაც მთელი თბილისი იცნობდა. ისინი თამბაქოს აწარმოებდნენ და როგორც წყაროებიდან ვიგებთ, ქველმოქმედებითაც იყვნენ დაკავებულნი. ტიფლისში ძმებ სეილანოვებს ბიზნეს საქმიანობის გარდა, კიდევ ერთი რამ გამოარჩევდათ — შესაშურად მოხატული საცხოვრებელი სახლი.

გალაკტიონ ტაბიძის #18-ში მდებარე სახლი იმ დროს კარგად ცნობილმა იტალიელმა მხატვარმა, ბენო ტელინგატერმა მოხატა, რაც თბილისში დიდი მოვლენა იყო. სადარბაზოში ფეხს რომ შედგამთ, მაშინვე შეამჩნევთ შთამბეჭდავ ნახატებს. რაც მისი ხედვის გლობალურობასა და იმ დროინდელი ქართველების მიმღებლობაზე უნდა მეტყველებდეს. სადარბაზოში გამოყენებულია დეკორატიული ორნამენტები, კლასიციზმის და ბაროკოს მოტივები კი შერწყმულია რომანტიკულ პეიზაჟებთან.

ძველ თბილისში სეირნობისას აუცილებლად მოხვდებით ასათიანის ქუჩის #58-შიც და დაინახავთ თბილისური სადარბაზოების ტიპურ და გამორჩეულ ნიმუშს, რომელიც გამოირჩევა უნიკალური სტილითა და ნახატებით. ნიმუშები ბუნებრივი საღებავებითაა შესრულებული, თუმცა ზოგჯერ ზეთით ნახატიც გვხვდება.

კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ქიქოძის ქუჩის #9-ში მდებარეობს, რომელსაც ყველა დანარჩენისგან ულამაზესი შიდა კიბე და მოხატული ჭერი გამოარჩევს. ასეთი კიბე მეცხრამეტე საუკუნის ფრანგულ სახლებში იყო პოპულარული, თუმცა მისი გადმოტანა ქართულ რეალობაში მეოცე საუკუნეში განხორციელდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შენობა საბჭოთა ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად დააზიანა, სამაგიეროდ შემორჩა ჭერზე დახატული ორნამენტები, თუმცა ისინიც დაზიანებულია და რესტავრაციას საჭიროებს. ამავე შენობის კარი ცალკე ყურადღების ღირსია, რომელშიც მეცხრამეტე საუკუნის ესთეტიკა და არქიტექტურული მიდგომა იკვეთება.

#აღმოაჩინეძველითბილისისსადარბაზოები

ავტორი: ბექა აბულაძე

ატვირთვის თარიღი: 2023-12-27

arrow